Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა უარყო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ბრალდება


აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კახა ბუხრაძემ უარყო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ბრალდება პოლიციელთა მხრიდან უკანონოდ დაჯარიმების შესახებ. სააგენტო ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში კახა ბუხრაძემ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია კანონს ზედმიწევნით იცავს. „საზოგადოების მოთხოვნაცაა, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით” - განაცხადა კახა ბუხრაძემ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას, პასუხს ყველა თანაბრად აგებს და აუცილებელია ყველა მოქალაქემ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და დაემორჩილოს კანონს. კახა ბუხრაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მიზანია დაიცვას კანონი და წესრიგი, თავიდან აიცილოს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გახშირებული, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევები და მაქსიმალურად უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. კახა ბუხრაძემ ცილისწამება უწოდა ზოგიერთი ბათუმელის ბრალდებას, რომ აჭარის რეგიონის მცხოვრებთ თათრები უწოდა. „ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი, რომელზეც საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე კომენტარს და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კახა ბუხრაძემ. 11 მარტს, საღამოს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებას მოჰყვა, რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მისმა მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს, დაწვეს რამდენიმე ავტომანქანა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ვითარება სპეცრაზმის ჩარევის შედეგად განიმუხტა. მასობრივი არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. სამართალდამცავებმა დააკავეს 70-ზე მეტი პირი. მათ ნაწილს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილს კი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რომელიც გულისხმობს მასობრივ არეულობას და პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

XS
SM
MD
LG