Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი, მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ მინსკის ხელშეკრულების "სრულად" ამოქმედებაზე


გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მინსკის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას, "სრულად უნდა ამოქმედდეს" - ეს ცნობა რადიო თავისუფლებას გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოაწოდა. მის მიერ აღწერილი 8 ივლისის შეხვედრა, რომელიც ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მოწმობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად თვისებრივი პროგრესი მიღწეული არ არის. ბრძოლამ, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო უკრაინის მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, დასავლეთს უბიძგა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, იმ როლის გამო, რომელსაც რუსეთი კონფლიქტში ასრულებს. 2015 წლის საზავო შეთანხმება, მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში, გერმანიის და საფრანგეთის შუამავლობით იქნა მიღწეული, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად. მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა, ომმა უკვე 10,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. აშშ და ევროკავშირი მოსკოვს და სეპარატისტებს ადანაშაულებენ მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფაში, მათ შორის ვალდებულებების, რომ მძიმე შეიარაღება ფრონტის ხაზიდან უნდა გაიტანონ და რუსეთთან სასაზღვრო მონაკვეთებზე უკრაინის მთავრობის კონტროლი უნდა აღდგეს. მიუხედავად მოსკოვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა, რუსეთი უარყოფს ვაშინგტონის, ბრიუსელის, უკრაინის და ნატოს ბრალდებებს, რომ ის სეპარატისტებს სამხედრო ძალით და იარაღით ეხმარება. კრემლი უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

XS
SM
MD
LG