Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა უცხოელების შემოწმების მეტად გამკაცრება მოითხოვა


მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი
მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაავალა კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყანაში ჩასული უცხოელების შემოწმება. ნიუ-იორკში, 31 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ პილიტკორექტულობა კარგია, მაგრამ არა ასეთ შემთხვევებში. თავდასხმაში ეჭვმიტანილია უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, საიპოვი უზბეკეთიდან აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა და ბინადრობის უფლებით სარგებლობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბელგიის და არგენტინის მოქალაქეები. თავდამსხმელი ავტომანქანით შეეჯახა ჯერ ველობილიკზე მიმავალ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს. ავტომანქანიდან გადმოსულ მძღოლს, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, პოლიციელებმა ესროლეს, დაჭრეს და ამის შემდეგ დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ჰქონდა ორი პისტოლეტი, პნევმატური და პეინტბოლის. ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქალაქის პოლიციის უფროსს, ჯეიმს ო’ნილს ჰკითხეს, მართლაც ყვიროდა თუ არა თავდამსხმელი „დიდება ალაჰს,“ რაზეც ო’ნილმა უპასუხა, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ეჭვმიტანილის ნათქვამი სიტყვები და მომხდარის ზოგადი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ თავდასხმა ტერაქტად შეფასდეს. ტელეკომპანია სი-ენ-ენი და გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყებიან, რომ თავდამსხმელმა ავტომანქანაში დატოვა ბარათი, რომელშიც აღიარებს, რომ მოქმედებდა ექსტრემისტული დაჯგუფების, “ისლამური სახელმწიფოს“ სახელით.

XS
SM
MD
LG