უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, დასავლეთის მთავრობების მხრიდან „შეზღუდული და სუსტია“ რეაქცია კრემლის „მტრულ ქმედებებზე“, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ. „როგორ უნდა შეაჩეროს დემოკრატიულმა დასავლეთმა პუტინი?“ - ასეა დასათაურებული პრაღაში დაფუძნებული „ევროპულ ფასეულობათა“ კვლევითი ცენტრის თაოსნობით მომზადებული დეკლარაცია, რომელშიც შევიდა 70-მდე ექსპერტის მოსაზრებები. ისინი ეხება ზომებს, რომლებითაც ხელი უნდა შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტის მცდელობას, „დაჰყავი და იბატონეს“ პრინციპით იმოქმედოს ევროატლანტიკურ სივრცეში. 9 ნოემბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია წინ უსწრებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 13 ნოემბრის შეხვედრას, რომელზეც იმსჯელებენ აღმოსავლელ მეზობლებთან ბლოკის სტრატეგიული ურთიერთობის საკითხების შესახებ. ექსპერტთა ჯგუფი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, აღიარონ ფაქტი, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის დასავლეთის დემოკრატიას და გამოიძიონ და ამხილონ მოსკოვის მტრული ქმედებები. „პუტინის რუსეთი დიდ საფრთხეს უქმნის დასავლეთის დემოკრატიებს. მის მიერ ძირგამომთხრელი ზომების გამოყენება დემოკრატიული ქვეყნების საშინაო საქმეებზე უცხოეთიდან მტრული გავლენის მოსახდენად დაუშვებელია“, ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ყველაზე პოპულარული
1