Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე დღეში დაბრუნდება


ლიბანის პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი - რომელმაც გასულ კვირაში საუდის არაბეთიდან გამოაცხადა გადადგომის შესახებ - ამბობს, რომ ლიბანში "ძალიან მალე" დაბრუნდება. ჰარირი ამ განცხადებით გამოვიდა პირველ ინტერვიუში 4 ნოემბრის შემდეგ - როცა მან გადადგომის შესახებ გამოაცხადა და ილაპარაკა ირანის მიერ მხარდაჭერილი, ლიბანის ჰეზბოლას გასამხედროებული ფრთის ძალაუფლებაზე ქვეყანაში. მან ასევე თქვა, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. 12 ნოემბერს საუდის არაბეთში მყოფმა ჰარირიმ მისი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ ტელესადგურს უთხრა, რომ თავისუფალია და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რითიც გააქარწყლა ხმები, რომ ის აიძულეს დაეტოვებინა მთავრობა, რომელშიც მის მეტოქე, ჰეზბოლაც წარმოდგენილია. "მე გადავდექი. ლიბანში მალე დავბრუნდები და კონსტიტუციური წესით გავაფორმებ გადადგომას", განაცხადა მან. ინტერვიუმდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჰარირი საუდის არაბეთის დედაქალაქში იძულებით ჰყავდათ დატოვებული. ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აოუნმა ცოტა ხნით ადრე თქვა, რიადში ჰარირის თავისუფლებას უზღუდავენო. მაგრამ ჰარირიმ ხაზგასმით თქვა, რომ შეუძლია საუდის არაბეთის დატოვება. ჰარირის თქმით, მისი გადადგომის მიზანი იყო ლიბანში "პოზიტიური შოკის გამოწვევა". ის გამოვიდა გაფრთხილებით ქვეყანაში ირანის ჩარევის შესახებ, რაც, მისი თქმით, სხვა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს.

XS
SM
MD
LG