Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დასრულდა საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა იფიციალური ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 12-13 დეკემბერს გაიმართა. თბილისის დელეგაციამ კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები კი ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების, კერძოდ, სოხუმში რუსეთის საბაჟო პუნქტის ამოქმედების და ასეთივე პუნქტის ახალგორში გახსნის განზრახვის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. განხილული იყო თავისუფალი გადაადგილებისა და კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის აუცილებლობა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები. ”ხაზგასმით აღინიშნა გალის რაიონის მცხოვრებთა უცხოელებად დარეგისტრირება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შემდგომი შეზღუდვა და გვარებისა და ეროვნული იდენტობის შეცვლის იძულება შესაძლოა, გახდეს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფუძველი“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს ერედვსა და ცხინვალის რეგიონის სხვა სოფლებში ეთნიკური ქართველების კერძო საკუთრების მიზანმიმართული განადგურება. განხილული იყო გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები და ამ ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა. თბილისის დელეგაციამ კვლავ დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი. დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების, შესრულების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას. სამინისტროს ცნობითვე, განსხვავებული მიდგომის მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რაუნდზე გააგრძელებენ მუშაობას ამ საკითხში პოზიციების დაახლოების მიზნით. „თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი” - ნათქვამია საქართველო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მომდევნო რაუნდი 2018 წლის 27-28 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG