Accessibility links

პაატა ბურჭულაძე პროკურატურის შეკითხვებს სასამართლოში პასუხობს


პაატა ბურჭულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მოწმის სტატუსით დაკითხვა. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თავად პაატა ბურჭულაძემ მოითხოვა. პროცედურის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდ "იავნანას" კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. პროკურორის ინფორმაციით, ფონდის დაფუძნებიდან 2017 წლის ჩათვლით არსებული დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა არაერთი საეჭვო გარემოება ფონდის კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ. "ცალკეული საკითხები ეხება მგზავრობის დაფინანსებებს, კონკრეტული ქონების შეძენის მიზნობრიობას, ასევე სხვა მიმდინარე ხარჯებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებას არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა აქვს. გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე" - განაცხადა პროკურორმა. ჟურნალისტების შეკითხვას, იკვეთება თუ არა ვინმეს, მათ შორის პაატა ბურჭულაძის ბრალეულობა, მაია ჯვარშეიშვილმა უპასუხა, რომ ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი მოელის, რომ დაკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, რომ არავითარი დარღვევა ფონდ "იავნანაში" არ არსებობს. თავად პაატა ბურჭულაძემ ჟურალისტებს უთხრა, რომ პროკურატურის მიმართ შეკითხვები აქვს. „დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება“ - განაცხადა ბურჭულაძემ. პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ საქმიანობის გამოძიება 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ფინანსტსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG