Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში მძიმედ ავადაა რუსეთის ყოფილი ჯაშუში, დაუდგენელ ნივთიერებასთან შეხების შედეგად


ბრიტანეთიდან გავრცელებული ცნობებით, მამაკაცი, რომელიც მძიმედ ავადაა მას შემდეგ, რაც დაუდგენელ ნივთიერებასთან ჰქონდა შეხება, სავარაუდოდ რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალია. ხელისუფლებას მისი ვინაობა არ გამოუცხადებია, მაგრამ 5 მარტს ბრიტანეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საქმე ეხება სკრიპალს - რომელიც 2006 წელს რუსეთში დამნაშავედ სცნეს სახელმწიფო საიდუმლოებების ბრიტანეთისთვის გადაცემაში და 13 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ის რუსეთის არმიის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკია და ამჟამად 66 წლის არის. სკრიპალი ერთ-ერთი იყო ოთხი პატიმრიდან, რომლებიც მოსკოვმა აშშ-სთან ჯაშუშების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლა. ამ ცნობების გავრცელებამდე პოლიცია აცხადებდა, რომ 4 მარტს სამოციოდე წლის მამაკაცი და ოცდაათიოდე წლის ქალი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს დასავლეთ ინგლისში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სკამზე. მათ მკურნალობენ "დაუდგენელ ნივთიერებასთან სავარაუდო შეხების" გამო და ისინი მძიმე მდგომარეობაში რჩებიანო, აცხადებდა პოლიცია. სკრიპალი მოსკოვში 2004 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. მოსკოვის სამხედრო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ სცნო ევროპაში ფარულად მომუშავე რუსეთის აგენტების ვინაობის გამჟღავნებაში ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურისთვის, ანუ MI6-სთვის, 100,000 დოლარის სანაცვლოდ. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სკრიპალმა დანაშაული აღიარა.

XS
SM
MD
LG