Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონმა შესაძლოა, მოსკოვს ოფიციალურად დასდოს ბრალი რუსი მზვერავის მკვლელობის მცდელობაში


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ შესაძლოა, მოსკოვი ოფიციალურად დაადანაშაულოს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში - ამის შესახებ გაზეთი „თაიმსი“ წერს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შესაძლოა, გაკეთდეს 12 მარტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ. „თაიმსის“ წყაროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პოლიციის და სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ რუსეთის კავშირს ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებასთან, რომელიც გამოყენებული იყო სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. ბრიტანული გამოცემის წყაროების თანახმად, მინისტრები აპირებენ მოითხოვონ მკაცრი საპასუხო ზომების სწრაფად მიღება, მათ შორის რუსი დიპლომატების გაძევება და ვიზის გაუქმება კრემლთან სავარაუდო კავშირის მქონე რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

XS
SM
MD
LG