რამდენიმე მედიასაშუალებამ გაიწვია რუსეთის დუმაში აკრედიტებული ჟურნალისტები. დუმაში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ტელეკომპანიებმა RTVI-მ და „დოჟდ“-მა, რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ,“ მედიაჰოლდინგმა РБК-მ, გაზეთმა „კომერსანტმა“ და ინტერნეტგამოცემებმა „ლენტა“-მ და Znak.com-მა. მედიასაშუალებების ბოიკოტი გამოიწვია რუსეთის დუმის ეთიკის კომისიის მიერ 21 მარტს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, კომისიამ დარღვევა ვერ აღმოუჩინა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟურნალისტი ქალების მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლეონიდ სლუცკის. 22 მარტს, „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიკტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დუმა აღარ ითვლება ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ადგილად და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდა, ბოიკოტს შეუერთდნენ. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დეპუტატ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ ბიბისი-ს კორესპონდენტი, ფარიდა რუსტამოვა, RTVI-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ეკატერინა კოტრიკაძე და „დოჟდ“-ის პროდიუსერი, დარია ჟუკი. ფარიდა რუსტამოვას აქვს აუდიოჩანაწერიც, რომელიც ჟურნალისტის ინფორმაციით, ადასტურებს სლუცკის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს.