Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და თეირანი შეშფოთებით ელიან ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაზე


რუსეთმა და ირანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე განცხადების გაკეთების წინ. ამ განცხადებით გაირკვევა რა ბედი ელის ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან. კრემლმა 8 მაისს განაცხადა, რომ "ძალიან სერიოზული სიტუაცია" შეიქმნება, თუ ტრამპი აშშ-ს გაიყვანს შეთანხმებიდან. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 8 მაისს თქვა, ირანს შესაძლოა "გარკვეული პრობლემები" შეექმნას, თუ ტრამპი სანქციებს დააბრუნებსო. როჰანიმ ასევე თქვა, რომ ირანს სურს გააგრძელოს "თანამშრომლობა და კონსტრუქციული ჩართულობა მსოფლიოსთან". აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 8 მაისს, ადგილობრივი დროით დღის 2 საათზე, თეთრ სახლში. საქმე ეხება ირანთან 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აწერენ ხელს. ხელშეკრულებამ ირანს ფინანსური სანქციები შეუმსუბუქა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები 12 მაისამდე არ გამოასწორებენ ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელ ნაკლებს", ის აშშ-ს გაიყვანს შეთანხმებიდან. ტრამპის აზრით შეთანხმების პირობები არასაკმარისად მკაცრია. აშშ-სთან ერთად, ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ბრიტანეთი. ისინი ვაშინგტონს მოუწოდებენ არ დატოვოს შეთანხმება - ამ ქვეყნების აზრით, შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის შექმნა. ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თეირანი უარყოფს ტრამპის მოთხოვნებს ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

XS
SM
MD
LG