Accessibility links

პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს საპატიმროში მუშაობს


სერგი კაპანაძე

სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს გამოკითხვის პროცესი. გლდანის ციხეში იმყოფება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამი წევრი. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, სრულფასოვანი დასკვნის გამოსატანად მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე, მათ შორის მსჯავრდებული პირები ფლობენ.

„მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და იყვნენ ყველაფრის შემსწრე, მათ შორის, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც ჯერ ბოლომდე, ასე ვთქვათ, არ გაუხსნიათ სასამართლოსთვის და სხვადასხვა უწყებისთვის. ჩვენ ასევე სხვა მოწმეებისგანაც მივიღეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავუგზავნეთ. მსჯავრდებულების ჩვენებები, ეს ინფორმაცია და ზოგადად, სხვადასხვა მოწმისგან მიღებული ინფორმაცია შექმნის სურათს, რომელიც შემდეგ დაედება საფუძვლად კომისიის საბოლოო დასკვნას“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 6 ივნისს დაამტკიცა. 17-წევრიან კომისიაში უმრავლესობას „ევროპული საქართველოს“ წევრები წარმოადგენენ. საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოკითხა არაერთი პირი. მიმდინარე კვირაში იგეგმება შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG