Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მესამედ დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში


ვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ევროპის სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს არაერთგზის პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სამხრეთკორეელ გუამ ჩოსთან მეხუთე დამატებულ წუთზე წააგო და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული ვერცხლის მედლების რაოდენობა სამამდე გაზარდა.

აზერბაიჯანის ტატამზე ლიპარტელიანმა სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალის გზაზე მან დაამარცხა ფრანგი ალექსანდრ იდირი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, ეგვიპტელი რამადან დარვიში და მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი.

29 წლის ქართველი ძიუდოისტი ზედიზედ მეხუთედ შევიდა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო სამეულში. 2013, 2017 და 2018 წლებში მეორე ადგილი დაიკავა. 2014 და 2015 წლებში – მესამე.

მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება. მამაკაცთა შორის მედლები +100 კილოგრამში გათამაშდება და საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმება ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი.

XS
SM
MD
LG