Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სკრიპალს უწოდა "მოღალატე" და "ნაძირალა"


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გრუ-ს ყოფილ თანამშრომელს და ბრიტანეთის დაზვერვის აგენტს, სერგეი სკრიპალს "სამშობლოს მოღალატე" და "ნაძირალა" უწოდა. მოსკოვში მიმდინარე ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა უპასუხა შეკითხვას სანქციებზე, რომლებიც გამოიწვია ქალაქ სოლსბერიში სკრიპალზე თავდასხმამ - რაშიც ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს. "ზოგიერთები სკრიპალს ლამის უფლებადამცველად მოიხსენიებენ. ის უბრალოდ ჯაშუშია, სამშობლოს მოღალატე" - განაცხადა პუტინმა, რომლის სიტყვებს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. პუტინის თქმით, "ჯაშუშურ სკანდალს" სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გარშემო "ხელოვნურად აზვიადებენ". სკრიპალის მოწამვლის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად პუტინმა კვლავ უარყო ამასთან რუსეთის კავშირი. "ვიღაც კაცები ჩავიდნენ და ბრიტანეთში მაწანწალების მოწამვლა დაიწყეს? ეს რა ბოდვაა?" - განაცხადა პუტინმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქე დონ სტერჯესის სიკვდილი, შხამ "ნოვიჩოკთან" შეხების შედეგად სოლსბერიში. ბრიტანეთის გამოძიება თვლის, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტებმა "ნოვიჩოკი" სკრიპალის მოსაწამლად გამოიყენეს. პირებს, რომლებსაც ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს "ალექსანდრ პეტროვად" და "რუსლან ბოშიროვად" და სკრიპალზე თავდასხმასთან კავშირის მქონედ, პუტინმა მანამდე უწოდა "სამოქალაქო პირები", რომელთა მოქმედებაში "დანაშაული არ იკვეთება". თუმცა არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები შესაძლოა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მუშაკები არიან. კერძოდ, ჯგუფი Bellingcat ვარაუდობს, რომ ბოშიროვის სახელის უკან იმალება რუსეთის პოლკოვნიკი, ანატოლი ჩეპიგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG