Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: სისტემა აქეთ მიექანებოდა


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მირზა სუბელიანის მონათხრობი არ გაკვირვებია და ადვილად ირწმუნა „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც. დავით უსუფაშვილის შეფასებით, სისტემა აქეთ მიექანებოდა.

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ - ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს. ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული „ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე „კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც” - დაწერა ფეისბუქის გვერდზე დავით უსუფაშვილმა.

მისი კომენტარი მოჰყვა "რუსთავი 2"-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების საკანში საუბრობენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ახსენებს თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ხორავას ქუჩის“ საქმეზეა დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG