სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და ასევე სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რომლებზეც 16 ოქტომბერს იმსჯელეს თბილისში დაწყებულ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე და რეზოლუციაც მიიღეს. დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.
სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონმა, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელმა მაღალი თანამდებობის პირებმა და საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში.
მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზანს საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება წარმოადგენს.
„ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.