Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას აძლევენ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნიც


ენგურის ხიდი. 2018 წლის 28 ოქტომბერი
ენგურის ხიდი. 2018 წლის 28 ოქტომბერი

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოვიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ოკუპირებული აფხაზეთის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დილის 7 საათზე გაიხსნა. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილი ხმას ზუგდიდში, ნაწილი კი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში აძლევს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აფხაზმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ გამოატარეს. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველებს ე.წ. საგუშაგოსთან თხოვენ დე ფაქტო რესპუბლიკის „პასპორტს,“ ან „ბინადრობის მოწმობას.“

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა თბილისის მიერ კონტროლრებულ ტერიტორიაზე შეექმნათ, რადგან მგზავრებისთვის გაურკვეველი მიზეზით, დღეს არ მუშაობდნენ მიკროავტობუსები, რომლებსაც როგორც წესი, მიჰყავთ ენგურის ხიდიდან სოფელ რუხის გაჩერებამდე და ზუგდიდის ცენტრამდე. მუშაობა მხოლოდ 12 საათიდან დაიწყო მიკროავტობუსმა, რომელიც გაეროს ინიციატივით, უფასოდ ემსახურებათ. ოკუპირებული რეგიონიდან ენგურის ხიდით გადმოსულ მოქალაქეებს ფეხით მიუწიათ მისვლა ტრანსპორტის უახლოეს გაჩერებამდე, რომელიც ხიდიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო ზემო-სვანეთის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძისთვის უცნობია, თუ რატომ არ მუშაობდნენ დღეს ენგურის ხიდთან მიკროავტობუსები, რომლებსაც კერძო მფლობელები ჰყავთ. ჩიკვაიძის თქმით, კერძო მესაკუთრეები თავად წყვეტენ როდის და როგორ იმოძრაონ.

XS
SM
MD
LG