სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მხარდაჭერა იმ მოქალაქეების მიმართ გამოხატა, რომლებიც საოკუპაციო გამყოფი ხაზების მიღმა არიან დარჩენილნი.
სახელმწიფო მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევს საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების უგულებელყოფას. ქეთევან ციხელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
"დღეს მე განსაკუთრებით მინდა მივესალმო და გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში ახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლას და ხმის მიცემას. იმ ადამიანებსაც, ვინც სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებენ ამას. ვუსურვო მათ და თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს სახელმწიფოს, რომ ძალიან მალე მსგავსი პრობლემები არ ყოფილიყოს და ჩვენ მშვიდობიანი გზებით დავძლიოთ ის ხელოვნური ბარიკადები, რომლებიც დღეს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ბევრ ფუნდამენტურ უფლებას ართმევს".