Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალა ერთობაშია" დეპუტატ ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს


ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ მოითხოვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან,“ ენზელ მკოიანს. დღეს გამართულ ბრიფინგზე „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს მიშა აღაბალიანს, რომელსაც საჩივარი მიჰქონდა საოლქო კომისიაში, გზად თავს დაესხა 20-მდე ადამიანი, მათ შორის ენზელ მკოიანი და პირადად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები. ვაშაძის თქმით, პროკურატამ მკოიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას და ამასთან, პარლამენტშიც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„ძალა ერთობაშია“ ირწმუნება, რომ იკვეთება ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარაგოზიანის დანაშაულებრივი ქმედებაც, და ცესკოს მიმართავს, ეს პირი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. გიორგი ვაშაძის თქმით, იკვეთება ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმების ბრალეულობაც. „ჯანდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საექიმო საქმიანობის შესწავლა, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები პოლიტიკური ზეწოლის გამო გაწერეს საავადმყოფოდან და დაემუქრა საფრთხე მათ სიცოცხლეს. პირადად მივმართავ შინაგან საქმეთ მინისტრს, რომ ნუ შეეცდება საქმის გაყალბებას. მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“-მ „ქართული ოცნება“ 30 ოქტომბერს დაადანაშაულა ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის ხუთ აქტივისტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. სამი მათგანი თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. თავის მხრივ, ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ძალადობის პროვოცირებაში ბრალი დასდო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ახალქალაქის ინციდენტს შსს იძიებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით.

XS
SM
MD
LG