Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ბრძანებით მოკლეს


ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის დაკვეთით მოკლეს - ამერიკული მედიის ცნობით, ასეთ დასკვნამდე მივიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA). როგორც Wall Street Journal-ს უთხრა ინკოგნიტო ოფიციალურმა წყარომ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არ ფლობს აშკარა მტკიცებულებას ამის შესახებ, მაგრამ დასკვნა საუდის არაბეთში სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკას ეყრდნობა. წყაროს ცნობით, „ეს არ მოხდებოდა და არც შეიძლება მომხდარიყო“ პრინც მუჰამადის მონაწილეობის გარეშე.

რიადი უარყოფს ცნობას, რომ სამეფო ოჯახი იყო ჩართული მკვლელობაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა აღშფოთება, და აცხადებს, რომ ის ცალკეულმა თავნება აგენტებმა ჩაიდინეს. 15 ნოემბერს პროკურორმა განაცხადა, რომ ის მოითხოვს სიკვდილით დასჯას ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირისთვის. იმავე დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს, რომლებიც, აშშ-ის ინფორმაციით, დაკავშირებული არიან ჟურნალისტის მკვლელობასთან. ვაშინგტონ პოსტის თანამშრომელი, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველის, ტახტის მემკვიდრე მუჰამად ბინ სალმანის კრიტიკოსი ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რათა საბუთები მოეწესრიგებინა თურქ საცოლეზე დასაქორწინებლად.

თუკი ჟურნალისტის მკვლელობასთან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის კავშირი დადასტურდება, ეს პრობლემური იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რადგან ის ცდილობდა მჭიდრო თანამშრომლობას საუდის არაბეთის ფაქტობრივ მმართველთან, მუჰამად ბინ სალმანისთან. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი განიხილება ქვეყნის ლიბერალიზაციისა და მოდერნიზაციის მომხრე ლიდერად, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

XS
SM
MD
LG