უკრაინის პარლამენტის წევრმა, პარტია „სამოპომიჩის“ წევრმა და მოხალისეთა ბატალიონის „დონბასის“ ყოფილმა მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში მისი დაკავების შესახებ. „ინფორმაცია, რომ თითქოს ვიღაცამ სადღაც დამაკავა, ფეიკია. ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოდან გაურკვეველი მიმართულებით გავემგზავრე, ფეიკია“ - დაწერა სემენჩენკომ ფეისბუქის პირად გვერდზე. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თბილისში უკრაინის მოქალაქეთა დაკავების გამო ეწევა მათი ოჯახების ინფორმირებას, ხვდება ადვოკატებს და არკვევს სიტუაციას, რომელმაც ეს პროვოკაცია გამოიწვია. სემენჩენკო ასევე, წერს, რომ ადვოკატების ცნობით, დაკავებული უკრაინელები ნორმალურ პირობებში იმყოფებიან და ახლობლებს თხოვენ, არ ინერვიულონ.
სემიონ სემენჩენკოს განმარტება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის, იური ბირიუკოვის განცხადებას, რომ თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეთა შორისაა სემენჩენკოც, რომელმაც კიევი ჩაითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მაიტოვა და გაიქცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს მათი კონკრეტული მიზნების და ამოცანების დასადგენად. ოფიციალური განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენენ, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ თბილისში დაკავებულ უკრაინელებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან.
.