15 დეკემბერს გუდაურში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის საიუბილეო, რიგით 30-ე სეზონი, რომელსაც კურორტი 6 ახალი საბაგირო გზით შეხვდა. სეზონის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.
„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
„თითქმის დასრულებულია წყლის რეზერვუარის პროექტიც. იცით, რომ გუდაურში უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მუშაობდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.