პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (vali.ge) მონაცემების ერთიან ბაზას 15 დეკემბერს სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ეს ორგანიზაციებია: სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლექტორების ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა. „ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 464 522 მსესხებლის, 843 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,275,651,430 ლარია“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულ vali.ge-ის ბაზაში წარმოდგენილია შემდეგი 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზის ბანკი“, სს „ტერა ბანკი“, სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge), შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).
ვებგვერდზე vali.ge საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
“ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.