საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია პროკურატურის შენობიდან გადაიყვანეს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდება - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება გამსახურდიას მეგობარზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, მოშიმშილე კონსტანტინე გამსახურდიას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა საავადმყოფოში მისი გადაყვანა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მე-11 დღეა პროკურატურაში შიმშილობენ მამის მკვლელობის გამოძიების გაგრძელების და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის მოთხოვნებით. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. საქართველოს პარლამენტი თანახმაა საქმის ხანდაზმულობის ვადა გააგრძელოს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში.