ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის აზრით უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება. „ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ამ საკითხზე დამატებით აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ პარლამენტის გზავნილები საქართველოს საპატრიარქოსთან და „უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება“.
მანამდე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ავტოკეფალია მიულოცა უკრაინელ ხალხს და უკრაინის ეკლესიას. მან “ძალიან სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ეს დღე.
„რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რა თქმა უნდა, საბოლოო ვერდიქტი უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, მოფიქრებული და იქნება ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.