ამერიკელ კინომსახიობს კევინ სპეისის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. გადაწყვეტილება 7 იანვარს მიიღო მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის სასამართლომ. სპეისის ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ანრუ ადანაშაულებს მისი 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში. ანრუს მტკიცებით, შემთხვევა 2016 წელს მოხდა კუნძულ ნანტაკეტის ერთ-ერთ ბარში, თუმცა, მისმა შვილმა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილა. კევინ სპეისი ბრალდებას უარყოფს. მისმა ადვოკატმა მოსამართლეს თხოვა საქმეს დაურთოს სპეისის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით, კინომსახიობს გაამართლებს. კევინ სპეისის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაგრძელდება.
2017 წელს, კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა მსახიობმა ენტონი რეპმა. მისი მტკიცებით, შემთხვევა 30 წლის წინ მოხდა, როცა 14 წლის იყო. თავად სპეისიმ განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა რეპს ბოდიში მოუხადა. მოგვიანებით კევინ სპეისის ასეთივე ბრალი წაუყენა კიდევ რამდენიმე ადამიანმა. სკანდალის გამო კომპანია Netflix-მა სპეისისთან თანამშრომლობა შეწყვიტა პოპულარულ ტელესერიალში „ბანქოს სახლი.“ მსახიობს არ გადასცეს პრემია „ემიც,“ მის ბოლო ფოლმებში კი ამოჭრეს სცენები სპეისის მონაწილეობით.