Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელიამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მოსამართლეთა სიის მიმართ


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, სათითაოდ გამოხატონ პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ. „რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, ან რომელიმე სხვა კოლეგა, ან მდინარაძე, გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავის პროტესტი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესისა და სიის მიმართ. ამიტომ, ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავის პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს“ - განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, გუნდურობას ასწავლიან და რაღაც ვერსიებს ავითარებენ ადამიანები, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვთ.„ჩემს მაგივრად სანამ ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ, უმჯობესი იქნება პირდაპირ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ ადამიანებს, ვინც საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს და ეს არის ცრუ ვერსია,“- უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის ბოლოს დატოვა და მიზეზად დაასახელა უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ. ბესელიას მიერ დასახელებულ მიზეზს ტყუილს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ამასთან, მას საჯაროდ დღემდე არ უთქვამს, რას უკავშირდებოდა ეკა ბესელიას გადადგომა. პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატებზე 2018 წლის დეკემბრში უნდა ემსჯელა, თუმცა, საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG