Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან სალაძე: „ქართულ ოცნებას“ წინ დახვდება მოსამართლეთა შერჩევის საკითხი


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, - განაცხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის პარლამენტში განხილვამდე გადასაწყვეტია ორი მნიშვნელოვანი საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს თემა მუდმივად წინ დახვდება და ქვეყნის იმიჯსაც დააზარალებს.

„პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ცვლილებებზე და განსაზღვროს კონკრეტული სტანდარტები და კრიტერიუმები რომლითაც მოხდება შერჩევა კანდიდატების; და მეორე, აუცილებელია, რომ მხოლოდ ამ რეგულაციების შემოტანის შემდეგ მოხდეს სიის განხილვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენა უნდა მოხდეს ამ დადგენილი წესების გათვალისწინებით. ცხადია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოდის „ქართულ ოცნებაზე", რადგან მთელი 6 წლის განმავლობაში, მათი მმართველობის პერიოდში, ჰქონდათ ყველა ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ სასამართლო დღეს არ აღმოჩენილიყო ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება. თუ ვინმე ფიქრობს ხელისუფლებაში, რომ ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია არის ერთჯერადი ღონისძიება და ამით დავასრულებთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს აქტიურობას, ძალიან ცდება. ბევრ ადგილას და ბევრ შემთხვევაში დახვდებათ წინ ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ სასამართლოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, ეს წინ დახვდება ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ დემოკრატიას“ - განაცხადა სალაძემ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მზად არის ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა ყველა ფორმატში, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის რეალური მექანიზმების შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია პარლამენტმა, დიდი წინააღმდეგობის ფონზე, 26 დეკემბერს შეაჩერა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას.

XS
SM
MD
LG