Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს არის ჩვენი შუალედური გამარჯვება


„ეს არის ჩვენი შუალედური გამარჯვება“, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გაგრძელებასა და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით:

„ცხადია, რომ ამ ეტაპზე, მოსამართლეთა კანდიდატების ეს ათკაციანი სია, ამ ფორმით აღარ გავა კენჭისყრაზე. როგორც მოვისმინეთ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფში. იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს და სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე ძირითადი პრინციპი გაითვალისწინოს, რათა ამ სიაში ისევ არ მივიღოთ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და კლანის სხვა წევრები. პირველი, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატები, ბუნებრივია, სანდო ვერ იქნება. მეორე, აუცილებელი, რომ შეიქმნას გადარჩევის ფილტრი, ვიდრე იუსტიციის საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს და ამ ფილტრის მოდელს, მე უახლოეს მომავალში წარვადგენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვ​ანია, რომ შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები, მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ მოსამართლეობის კანდიდატები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები და წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც კანდიდატებს წარადგენს. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს კანდიდატად და შემდეგ უკვე მესამე პირში არ უნდა ლაპარაკობდეს იმ კვალიფიკაციასა და ღირსებებზე, რომელიც მას გააჩნია“.

12 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეების არჩევისთვის პარლამენტში შემუშავდება პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე გაგრძელდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა გასული წლის 10 დეკემბერს დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

XS
SM
MD
LG