სერბეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კოსოვო დაადანაშაულა პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმაში, მათ შორის არმიის შექმნაში. ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, კოსოვოს ნაბიჯებმა დაძაბულობა გააღრმავა სერბეთთან და შესაძლოა რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოსო. სერბეთმა 1999 წელს დაკარგა კონტროლი თავის პროვინცია კოსოვოზე, მას შემდეგ, რაც ნატომ საჰაერო თავდასხმების კამპანია განახორციელა საიმისოდ, რომ შეწყვეტილიყო სერბთა ძალების მიერ ეთნიკური ალბანელების დევნა და ხოცვა, ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში მეამბოხეთა წინააღმდეგ. პრიშტინასა და ბელგრადს შორის კავშირები დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს 110-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, მაგრამ სერბეთი და რუსეთი მას არ სცნობენ. პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს გადაწყვეტილება არმიის შექმნაზე უკანონოა. კოსოვოს პარლამენტმა 14 დეკემბერს დაამტკიცა ამჟამინდელი, 2500 კაციანი უსაფრთხოების ძალების გარდაქმნა ეროვნულ არმიად, რომელშიც 5000-მდე ჯარისკაცი იქნება და რომელიც უფრო მძიმედ იქნება შეიარაღებული. ბელგრადი და კოსოვოში მცხოვრები 120 000-მდე ეთნიკური სერბი მწვავედ ეწინააღმდეგებიან კოსოვოს არმიის შექმნას, აცხადებენ, რომ ეს დაარღვევს გაეროს რეზოლუციებს და არმიას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ - რასაც პრიშტინა უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1