Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იცავს თავის პოზიციას ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებასთან მიმართებით


რუსეთმა მასშტაბური პრეზენტაცია გამართა თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, რომ ახალი რაკეტა, რომელიც აშშ-სთან და ნატოსთან უთანხმოების საგანია, არ არღვევს ცივი ომის პერიოდის ხელშეკრულებას საშუალო რადიუსის ატომური შეიარაღების შესახებ (INF). 23 იანვარს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე უცხოეთის სამხედრო წარმომადგენლები იყვნენ დაპატიჟებული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აშშ ამ ხელშეკრულებიდან გავა და ამის მიზეზად დაასახელა რუსეთის მხრიდან დარღვევები, ისევე, როგორც შეშფოთება, რომ აშშ-ს ეს ხელშეკრულება ზღუდავს, მაშინ, როცა ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, შეზღუდულები არ არიან. დეკემბერში ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ დაიწყებს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს, თუ რუსეთი 60 დღის ვადაში არ დაემორჩილება მის პირობებს. აშშ ამბობს, რომ რუსეთის 9M729 რაკეტა "ნოვატორი" არღვევს ხელშეკრულებას, რომელიც ორ ქვეყანას უკრძალავს ფლობდნენ, ქმნიდნენ ან იყენებდნენ 500-დან 5000 კილომეტრის რადიუსში მოქმედ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. რუსეთი უარყოფს ხელშეკრულების დარღვევას. მოსკოვში გამართულ პრეზენტაციაზე გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილ მატვეევსკიმ - რუსეთის არმიის სარაკეტო და საარტილერიო ძალების ხელმძღვანელმა - თქვა, რომ 9M729 რაკეტის მაქსიმალური რადიუსი 480 კილომეტრია.

XS
SM
MD
LG