რეაბილიტაცია, რომელიც მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებისა და ახალი ხედვით გამწვანების განახლებას გულისხმობს, ბაღის 170 წლის თარიღთან დაკავშირებით ხორციელდება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ტენდერზე გატანამდე პროექტს საზოგადოებასთან და მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
„პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების, შიდა კომუნიკაციების მთლიანად შეცვლას, ძელსკამების შეცვლას და ამ სივრცეში ახალი მცენარეების შემოტანას. დენდრპროექტიც არის გათვალისწინებული ძირითად ნაწილში, მთლიანად შეიცვლება ქვის საფარი და სამფეროვანი იატაკი მოეწყობა. დაგეგმილია ფანტანის შეცვლა და კოლონადის განახლება დავით აღმაშენებლის მოედნის მხრიდან. მოხდება სანაყინეს ფასადის იერსახის შეცვლა და განათების შეცვლა ისეთი ლამპიონებით, როგორიც სკვერისთვის არის დამახასიათებელი. მერია ამ პროექტის საჯაროდ განხილვას გეგმავს. მოსახლეობისათვის მთლიანად გაშიფრული იქნება, რა დოზით მოხდება ჩარევა“, - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღს რეაბილიტაცია ბოლოს 2006 წელს ჩაუტარდა.
რაც შეეხება 2019 წელს პროექტის განხორციელების ვადებსა და ხარჯთაღრიცხვას, ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ.