საქართველოს განათლების სამინისტრომ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა სკოლის გამოსაშვები გამოცდების და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლა. სამინისტროს განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს და ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შეფასების ახალ მოდელზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა და შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება.
„მოსამზადებელ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვით, არჩევით საგანში ჩაჭრის ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
„2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით“ - განმარტავს განათლების სამინისტრო.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის. ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განახორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი და გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა, ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისხმობს სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდასა და მშობლისთვის ნაკლებ დანახარჯზე.