Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტთან ცილისწამების ინიციატივაზე ისაუბრებს სამოქალაქო სექტორი 


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხზე. დღევანდელი შეხვედრით ამ თემაზე ღია დისკუსია გაიხსნება, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ დაცული უნდა იყოს, თუმცა, დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ღირსება და პატივიც.

პრეზიდენტთან შეხვედრას კოლიციაში „მედია ადვოკატირებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრებიან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედარზე მიდიან იმისთვის, რათა გავარკვიონ რა გეგმები აქვთ პრეზიდენტს და ზოგადად ხელისუფლებას. რა მიზანი აქვთ და როგორ ხედავენ ამ მიზნის მიღწევის გზას. ამასთან შეხვედრაზე მისვლის მიზანი იმ პრინციპული პოზიციის გაცნობა, რომელიც აქვს სამოქალაქო სექტორს, რის თანახმადაც დამატებითი რეგულაცია და გამკაცრება საჭირო არ არის ვინაიდან ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს ქვეყანაში.

„საუბარი იყო გამოხატვის ძალიან ფართო სპექტრზე სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფაზე. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის გამოხატვაზე საუბრობენ და მივდივართ იმის გასარკვევად რა ტიპის გამონათქვამებს გულისხმობენ, რა ტიპის გამოხატვას გულისხმობენ და როგორ წარმოუდგენიათ შემდგომ მათი რეგულირება და ზოგადად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველად 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. 11 იანვარს, თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, მოკლე შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ისევ ახსენა „კანონი ცილისწამების“ შესახებ და განაცხადა, რომ აუცილებელია მსჯელობის დაწყება ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებაზე. პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საახალწლო მიმართვისას მის მიერ გამოთქმულმა ინიციატივამ ვნებათაღელვა გამოიწვია სიტყვის თავისუფლებისთვის შესაძლო საფრთხის გამო.

"კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მაგალითად მოიყვანა საფრანგეთში ცილისწამების წინააღმდეგ მიღებული კანონი და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას.

თუმცა, როგორც 11 იანვარს უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას საფრანგეთში მოქმედი საკანონმდებლო ნორმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული და ისიც მხოლოდ წინაასაარჩევნო პერიოდში.

„პრეზიდენტმა ახსენა საფრანგეთის მოდელი, რომელიც ძალიან განსხვავებულია. იქ საკანონმდებლო რეგულაციის მთავარი მიზეზი გახდა რუსული პროპაგანდა და რუსული არხების მიერ გავრცელებული ყალბი ამბები წინასაარჩევნო პერიოდში. საბოლოოდ შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ისეთი ყალბი ამბები, რომელიც დიდი მასშტაბით განზრახ გავრცელდა და მიზნად ისახავს არჩევნებზე ზეგავლენას. ეს ნორმა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს. ამიტომაც, საფრანგეთის მაგალითი სრულიად განსხვავდება და ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გამოჩნდა, რომ პრეზიდენტს აწუხებს. ამ ამბავში პოზიტიური მხოლოდ ისაა, რომ როგორც თქვა, არ აქვთ გამზადებული კანონპროექტი, შესაბამისად გვაქვს უფრო მეტი საშუალება, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ მიიღონ რაიმე ნორმა, რაც დააზიანებს გამოხატვის თავისუფლების იმ მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს“,- უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG