„დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გვითხრა, რომ ის არ უსწორებს თვალს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. მათ გვითხრეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდებიან ისინი, ვისაც „ქართული ოცნება“ ჩათვლის საჭიროდ“, - ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ვრცელ წერილს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
წერილში პოლიტსაბჭო ვრცლად ჩამოთვლის მათი თქმით, სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმატებულ შედეგებს და მკაცრად აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს „შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკის“ გამო.
როგორც წერილში ვკითხულობთ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური გაერთიანებების რიტორიკა, რომელიც „სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნასა და დასჯას ემსახურება, ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან“.
სულხან სალაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მმართველმა გუნდმა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ის არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს:
„ქართული ოცნება“ გველაპარაკება ე.წ. წარმატებული სტატისტიკური მაჩვენებლებით მაშინ, როდესაც მე შემიძლია ახლავე ჩამოვთვალო საქმეები, რომელშიც მკაფიოდ ჩანს სასამართლოს როლი და საეჭვო თანხვედრა ხელისუფლების მოთხოვნებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს შორის. მაგალითად, „ბირჟა მაფიას საქმე“, „საყდრისი-ყაჩაღიანის საქმე“, „პანორამა თბილისის საქმე“, „კარვების საქმე“, რომელიც ბოლო დროის საუკეთესო ილუსტრაცია იყო, თუ როგორ დაუდასტურა სასამართლომ შსს-ს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლება“, - ამბობს სულხან სალაძე.
სულხან სალაძე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების არაღიარება „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდება:
„დიახ, მმართველ გუნდს ძალიან ძვირის გადახდა მოუწევს. ვგულისხმობ პოლიტიკურ ფასს. ქართველი ამომრჩეველი არ არის ბრმა და ის ყველაფერს ხედავს“.