საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს ფრანსის რუნის. მისი ინიციატივით კონგრესში წარდგენილია რეზოლუცია, რომელიც გმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
რეზოლუცია ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებას და მათი დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ვასალი სახელმწიფოს, სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთი დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევათა აღსაკვეთად იყენებს სირიის მსგავს არშემდგარ სახელმწიფოებს, რათა განახორციელოს საკუთარი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და სანდოობა შესძინოს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ და მისი პარტნიორები წინ უნდა აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას.
რეზოლუციის თანახმად, საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია ევრაზიის რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში
კონგრესმენმა რუნიმ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ამ რეზოლუციით ამაღლდა საქართველოსთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების ცნობადობა და როცა საქმე კონკრეტული საკითხების კენჭისყრაზე მიდგება, რეზოლუცია იქნება გამზადებული ფონი, რომლითაც ადამიანები გაიგებენ, რატომ უნდა მისცენ ხმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მხარდამჭერ კანონპროექტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, კონგრესმენ ფრანსის რუნის მიერ რეზოლუციის ინიცირება აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ზალკალიანის განცხადებით, ეს მორიგი მკაფიო სიგნალია რუსეთის უკანონო ქმედებების მხარდამჭერებისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას.