იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძისთვის გასაუბრების დროს ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასების დაწერას მექანიკურ შეცდომას უწოდებს.
ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს გასაუბრების დროს მაქსიმალური 15 ქულის ნაცვლად 20 ქულა დაუწერეს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15.
მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა.
მათვე განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო სულხან სალაძის მიერ გავრცელებული ფურცელი, კონფიდენციალურია“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას, „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს.
სულხან სალაძემ სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტიც გაავრცელა.