აშშ-მა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის სასამართლოს მიერ რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების წევრის, დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენისთვის გამოტანილი განაჩენი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ეუთოში აშშ-ის დროებითმა წარმომადგენელმა ჰარი კემიენმა.
„სულ უფრო გახშირებული პრაქტიკა, როცა რუსეთი იურიდიულად დევნის რელიგიური ჯგუფების წევრებს თითქოს „ექსტრემისზმის“ ან „ტერორიზმისთვის“, ეწინააღმდეგება მოსკოვის მიერ აღებულ ვალდებულებებს და არ შეესაბამება რუსეთის ფედერაციის კონსიტიტუციას“, ნათქვამია განცხადებაში.
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცნობილი არიან იმით, რომ ისინი „მშვიდობიანად მისდევენ თავიანთ რელიგიას“. მაგრამ 2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ისინი „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. მას მერე რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ასამდე მიმდევრის მიმართ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულებისთვის, ათობით დააპატიმრეს, ნათქვამია დოკუმენტში.
თებერვლის დამდეგს ორიოლის სასამართლომ დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის ექსტრემიზმში ცნეს დამნაშავედ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ თემში მონაწილეობის გამო.