კრემლის განცხადებით, ფეისბუკის მხრიდან რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-სთან დაკავშირებული გვერდის დაბლოკვა წარმოადგენს "მედიაზე ზეწოლას".
18 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, ფეისბუკი ამ ნაბიჯით "სერიოზულ ზიანს აყენებს" თავის რეპუტაციას და სანდოობასო. "არამეგობრული ქვეყნები იყენებენ სოციალური მედიის სექტორში და სხვა პლატფორმებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს საიმისოდ, რომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთის მედიაზე" - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, RT დაიცავს თავის უფლებებს და ეს საკითხიც გადაიჭრებაო.
მანამდე RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ამ კომპანიამ დაბლოკა გვერდი, რომელსაც კავშირი ჰქონდა RT-ის პროექტთან სახელად "In the Now". სიმონიანი "ტელეგრამზე" წერს, რომ პროექტი ძალიან პოპულარული იყო, მხოლოდ ფეისბუკზე მას ოთხი მილიონი მიმდევარი და 2.5 მილიარდი მნახველი ჰყავდა.
სიმონიანის თანახამად, ფეისბუკმა პროექტი დაბლოკა მას შემდეგ, რაც CNN-მა ეთერში გაუშვა გადაცემა, რომლის ფონი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის და ნატოს დირექტივა, რომ პროექტს კრემლი აფინანსებდა. სიმონიანის თქმით, ის, რომ გვერდს არ გაუმხელია თავისი რუსული დაფინანსების წყაროები, არ უნდა ქმნიდეს პრობლემას. "ჩვენ ფეისბუკის წესები არ დაგვირღვევია" - აცხადებს ის.