კომპანია „ბერინგ ვოსტოკის“ -ის დამფუძნებლის მაიკლ კალვის დაპატიმრება „საგანგებოა ეკონომიკისათვის“ და არღვევს რუსეთის პრეზიდენტის მითითებას „არ იქნეს გამოყენებული დაპატიმრება ეკონომიკური დანაშაულისათვის“. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ალექსეი კუდრინმა.
მაიკლ კალვის, აშშ-ის მოქალაქეს, რომელსაც ფართო მასშტაბის თაღლითობაში ადანაშაულებენ, 13 აპრილამდე შეეფარდა პატიმრობა.
გამოძიების ვერსიით, მაიკლ კალვიმ შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. საქმე აღიძრა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის, შერზოდ იუსუპოვის განცხადების საფუძველზე.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები ბანკის აქციონერთა - „ბერინგ ვოსტოკის“ სტრუქტურებსა და არტიომ ავეტისიანს - შორის კონფლიქტის შესახებ.
კალვიმ 15 თებერვალს გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაკავება სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება. ის უარყოფს თაღლითობის ბრალდებას.
„ბერინგ ვოსტოკი“ არის რუსეთში პირდაპირი ინვესტიციების ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფონდი.