Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში "თიბისის" საკითხი შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარეშე განიხილონ


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

ეროვნული ბანკის პოზიციის მიუხედავად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აპირებენ დასწრებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ჯერ კიდევ გასულ კვირაში, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შეიტანეს ორი საკითხი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოხსენება ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან მსგავსი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიმართვის შემდეგ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შეთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია,"თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს.

რაც შეეხება, დღის წესრიგის საკითხს, რომელიც ეხება 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს ჭარბვალიანობის დასაძლევად, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინტენსიურად აკვირდება პრაქტიკას, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია და აქედან გამომდინარე, პარლამენტს ამ საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს.

საპარლამენტო კომიტეტში საკითხის განხილვის ინიციატორი „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, თუ ეროვნული ბანკის განცხადებიდან გამომდინარე კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომას მართლაც არ დაესწრება, ეს იქნება კანონის დარღვევა და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

21 თებერვალს, „თიბისი ბანკის“ აქციონერები დათანხმდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდის შესახებ და სასამართლო დავა შეწყვიტეს.

თავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე ინდივიდუალურად გეგმავენ სამართლებრივი დავის გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG