საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკუთარ თავზე აიღო რისკი, რომელიც შესაძლოა, მისი რეპუტაციისთვის საზიანო ყოფილიყო, რადგან პირველ რიგში ზრუნავს ბანკზე და ფინანსურ სექტორზე.
დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გვენეტაძემ განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი დამატებით აღარ ავრცელებდა არანაირ ინფორმაციას, სანამ არ გაკეთდა მისი და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, რომ რეგუალტორთან დავა სასამართლოში წყდება და „თიბისი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივად აღარ დავობს.
„ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, ეს არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ვფიქრობ, რომ ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე“ - განაცხადა კობა გვენტაძემ. მისი თქმით, არ ახსენდება პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხდება მსგავსი დავის საგანი.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული საზედამხედველო ზომის მსგავსი ფორმით განხილვა მართებული არ არის, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში.
რაც შეეხება კომიტეტის დღის წესრიგის პირველ საკითხს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციის შესახებ, კობა გვენეტაძის შეფასებით, ამ ეტაპზე ნაადრევია ღრმა ანალიზი, თუ რა შედეგი გამოიღო 1 იანვრიდან ამოქმედებულმა, საბანკო კრედიტების გაცემის ახალმა წესმა. გვენეტაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი დაკვირვებას განაგრძობს და შედარებით ღრმა ანალიზის წარმოდგენას შეძლებს წლის პირველი კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჭარბვალიანობის შესამცირებლად ამოქმედებულ რეგულაციებს დადებითად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების პირველ თემად განისაზღვრა 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია, რომელმაც საბანკო კრედიტების გაცემის პირობები გაამკაცრა. მეორე საკითხია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი.
როორც კობა გვენეტაძემ თქვა, მზად არის პარლამენტთარებთან ორივე საკითხი განიხილოს.