Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ყოფილ მინისტრს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის


ისრაელის სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა მთავრობის ყოფილ წევრს, გონენ სეგევს, რომელიც დამნაშავედ ცნო ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

სასამართლოს სხდომები დახურული იყო. პროკურორმა გეულა კოენმა იერუსალიმში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ირანისთვის ჯაშუშობა და ინფორმაციის მიწოდება.

სეგევი იყო ენერგეტიკის მინისტრი 1995-1996 წლებში, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინის მმართველობისას. 2005 წელს მას პატიმრობა შეუფარდეს ნიდერლანდიდან ისრაელში ექსტაზის 32 000 აბის კონტრაბანდის მცდელობისათვის.

ყოფილი მინისტრი 2007 წელს გამოუშვეს ციხიდან, რის შემდეგაც ის თითქმის 10 წელი ცხოვრობდა ნიგერიაში. გაზეთ „ჯერუსალემ პოსტის“ ინფორმაციით, ის ექიმად მუშაობდა მას შემდეგაც, რაც ისრაელში ჩამოართვეს ექიმის ლიცენზია.

2018 წელს მოხდა მისი ექსტრადიცია ეკვატორიული გვინეიდან ისრაელში.

ისრაელის უშიშროების სამსახურის, „შინ ბეტის“ მონაცემებით, სეგევი მუშაობდა ირანის დაზვერვის სამსახურის აგენტად და ორჯერ იყო ჩასული ირანში საკონტაქტო პირებთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG