Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მენჯის, მალის, ნეკნის მოტეხილობა - თბილისის ავტობუსებში დაზარალებულები


შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაშავებულთა ცალკე სტატისტიკა, „სავარაუდოდ, არ იწარმოება“.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაშავებულთა ცალკე სტატისტიკა, „სავარაუდოდ, არ იწარმოება“.

მოკლედ

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაშავებულთა შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაში ცალკე არ აღირიცხება.
  • სამართლებრივი რეაგირება იშვიათია და დაშავებულებიც ხშირად თავად იხდიან მკურნალობის ხარჯებს.
  • ავტობუსის ზოლში სხვა ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქში დაშვებული მაღალი სიჩქარე, ავტობუსის მძღოლების კვალიფიკაცია და სამუშაო გრაფიკი - კიდევ რა იწვევს ავტობუსების ავარიებსა და სახიფათო მანევრებს?

ნეკნის, მენჯის, გულმკერდის მალის მოტეხილობა, დაბეჟილობა, ღია ჭრილობა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ტრავმებისა, რომლებსაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძირითადად ავტობუსით მგზავრობისას იღებენ და შემდეგ მკურნალობა ასობით ლარი უჯდებათ.

რადიო თავისუფლებამ ავტობუსით მგზავრობისას დაშავებულთა ათობით ისტორია მოისმინა. ნახა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც მათი ტრავმებია აღწერილი. ჰყვებიან, რომ მკურნალობის ხარჯები თავად გადაიხადეს. ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა როგორ დასრულდა, არ იციან.

დაშავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ არ უჩივლიათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის "ცხელ ხაზზე".

ავტობუსში მგზავრობისას მიღებული ტრავმა
ავტობუსში მგზავრობისას მიღებული ტრავმა

შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელიც სატრანსპორტო შემთხვევებს აღრიცხავს, არ არსებობს ცალკე გრაფა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაზარალებულთა შესახებ. უწყების სტატისტიკაში აღრიცხულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ზოგადად, ავტობუსის ჩათვლით. ეს მონაცემი აერთიანებს როგორც საზოგადოებრივ, ისე სხვა ავტობუსების მონაწილეობით მომხდარ ავარიებს.

2025 წლის პირველ 9 თვეში, პოლიციამ აღრიცხა 83 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ავტობუსის მონაწილეობით. დაშავდა 263 ადამიანი. დაიღუპა - 2.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაშავებულთა ცალკე სტატისტიკა, „სავარაუდოდ, არ იწარმოება“, - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

სოფიკოს ისტორია - „თუკი პატრული ერთვება, ხომ უნდა გამოიკვლიონ, ვინ არის დამნაშავე?“

ზუსტად ერთი თვის წინ, 37 წლის სოფო ავტობუსის მგზავრობისას დაშავდა. გვიანი ღამე იყო ტრანსპორტში რომ ავიდა, რუსთაველის მიმართულებით, მხოლოდ რამდენიმე გაჩერება ჰქონდა გასავლელი. იხსენებს, რომ ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო. რაკი მალე უნდა ჩასულიყო, სკამზე არ დაჯდა. არ დაუნახავს რა მოხდა, ძლიერმა დამუხრუჭებამ ის ავტობუსის გრძელ სალონში გატყორცნა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ "კედელს" მიანარცხა:

„იმ წამსვე შემეკრა სუნთქვა, ვეღარაფრით ამოვისუნთქე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში, ძალიან შემეშინდა და როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედი, მაშინვე სასწრაფო გამოვიძახე. სასწრაფოს პატრულიც მოჰყვა.

მძღოლი ამბობდა, რომ სხვა მანქანამ გადაუჭრა უეცრად გზა, მაგრამ რეალურად, არ ვიცი რა მოხდა. პატრულმა დაახლოებით ხუთი წუთი დაჰყო ადგილზე, მას მერე ისინი აღარ მინახავს. არც შემხმიანებიან. ავტობუსის მძღოლმა რამდენჯერმე დამირეკა მოსაკითხად. თუ არ ვცდები, მძღოლს საყვედური გამოუცხადეს, თავად ახსენა.“

გამოკვლევებმა სოფოს დაბეჟილობა დაუდასტურა. ერთი თვის წინ მიღებული ტრავმა დღემდე აწუხებს:

37 წლის სოფოსთვის დანიშნული გამოკვლევები
37 წლის სოფოსთვის დანიშნული გამოკვლევები

„დაზღვეული რომ არ ვყოფილიყავი, მკურნალობის ხარჯები ჩემი დასაფარი იქნებოდა ვიღაცის დაუდევრობის გამო. თუკი პატრული ერთვება მსგავსი შემთხვევისას საქმეში, მაშინ ხომ უნდა გამოიკვლიოს, ვინ არის დამნაშავე. პასუხი არავის უგია... ზიხარ ავტობუსში და უცებ არსაიდან ზიანდები და ეს ყველაფერი ისე ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ყველაზე მეტად დააშავა, ვითომც არაფერი“, - უყვება სოფო რადიო თავისუფლებას.

ქეთევან მჭედლიძის ისტორია - „მუხრუჭი იმდენად ძლიერი იყო, რომ ძელზე ჩაჭიდებულს ფრჩხილებიც კი ჩამელეწა“

ნუცუბიძიდან მეტრო "დელისამდე" უნდა ჩასულიყო პენსიონერი ქეთევან მჭედლიძე, ავტობუსში რომ წაიქცა.

მუხრუჭი იმდენად ძლიერი იყო, რომ ძელზე ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა და გადააგდო, ზედ დაეცა სკამიდან გადმოვარდნილი მგზავრიც:

„საშინლად გავმწარდი. ძლივს წამომაყენეს ფეხზე. მგზავრები ამბობდნენ, რომ მანქანამ ამოუხვია ქვევიდან და იმიტომ დაამუხრუჭაო. ჩამოვედი ავტობუსიდან და უკან, სახლში გავბრუნდი. ძალიან მალე ტკივილი იმდენად გამძაფრდა, რომ გაუსაძლისი გახდა. რენტგენმა აჩვენა, რომ გულმკერდის ფრაგმენტული მოტეხილობები მქონდა. თავდაპირველად მითხრეს, რომ ოპერაცია იყო საჭირო, თუმცა უარი ვთქვი. რამდენიმე თვის განმავლობაში ვატარებდი სპეციალურ კორსეტს. ტკივილები დღემდე მაქვს“, - უყვება რადიო თავისუფლებას 75 წლის ქეთევან მჭედლიძე.

75 წლის ქეთევან მჭედლიძის მკურნალი ექიმის დასკვნა
75 წლის ქეთევან მჭედლიძის მკურნალი ექიმის დასკვნა

თამუნას დედის ისტორია - „თვეები იწვა გაუნძრევლად“

თამუნა დვალიშვილი გვიყვება დედის შესახებ, რომელმაც ავტობუსში მგზავრობისას საჯდომი ძვლისა და ბოქვენის ძვლის მოტეხილობა მიიღო. 62 წლის ქალმა თვეები გაატარა საწოლში.

„[დედა] მუხიანის დასახლებიდან მეტრო "ახმეტელის" მიმართულებით მიდიოდა. შვილიშვილს უნდა დახვედროდა. როგორც კი ავიდა, ავტობუსი მაშინვე დაიძრა, ვერ მოასწრო ხელის მოკიდება ძელზე, უცებ მძღოლმა დაამუხრუჭა და დედა დაეცა.

...მძღოლმა არც კი გააჩერა ავტობუსი. გააგრძელა გზა. დედამ ვეღარ მოახერხა ავტობუსიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა. უცნობმა ადამიანმა ჩამოიყვანა, ჩასვეს მეორე ავტობუსში, რომელიც უკან ბრუნდებოდა სახლთან. მოვიდა კორპუსთან, ჩამოიყვანეს და სახლში რომ დაჯდა, ვეღარ დავაყენეთ ფეხზე.“

ექიმის დასკვნა
ექიმის დასკვნა

თამუნა დვალიშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ფიქრობდნენ, საჩივარი დაეწერათ, თუმცა დედას ისე გაურთულდა მდგომარეობა, რომ ამაზე ფიქრის დრო აღარ დარჩათ:

„გადავიყვანეთ კლინიკაში და აღმოჩნდა ორმაგი მოტეხილობა. გაგვიმართლა, რომ ძვლები არ იყო ერთმანეთს აცილებული და ოპერაცია არ დასჭირდა. დედას დიაბეტი აქვს და როგორ გადაიტანდა ამ ოპერაციას არ ვიცოდით. ძალიან რთული იყო შემდგომი პერიოდი. თვეების განმავლობაში იწვა გაუნძრევლად. მოვიძიეთ სპეციალური საწოლი, რომ ნაწოლები არ გასჩენოდა.

ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მოგვეძებნა მძღოლი და თუ მძღოლის ბრალი არ იყო და სხვა მანქანა იყო დამნაშავე, პოლიციას გამოეძიებინა, გამოეთხოვა კამერები, რომ ვინმეს რაღაც ფორმით მაინც მიეღო მონაწილეობა ჩვენს უბედურებაში. მაგრამ საბოლოოდ, დედას გართულებული მდგომარეობის გამო, ამდენიც ვეღარ მოვახერხეთ.

ხმას არავინ ვიღებთ იმის გამო, რომ სამართალს ვერ ვპოულობთ ირგვლივ, თითქოს ისევ საკუთარ თავს ვიდანაშაულებთ“, - ამბობს თამუნა დვალიშვილი.

ნუცას დედის ამბავი - „დედას ისედაც ოთხი ოპერაცია აქვს გადატანილი..."

თვე-ნახევრის წინ, ავტობუსში მგზავრობისას დაშავდა ნუცა ბაკაშვილის დედაც. ქალი ონკოპაციენტია, რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ამიტომ მისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიღებული ტრავმა კიდევ უფრო რთული დასაძლევი აღმოჩნდა:

„დელისიდან" "ვაჟას" მიმართულებით მიდიოდა, ექიმთან. ფეხზე იდგა, რადგან ავტობუსში დასაჯდომი ადგილი აღარ იყო. დედას არ დაუნახავს, წინ რა მოხდა, მაგრამ მძღოლმა ისე დაამუხრუჭა, რომ წაიქცა და სკამის სახელურს ჩამოარტყა გულმკერდი“, - გვიყვება ნუცა ბაკაშვილი.

ტკივილმა რომ არ გაუარა, დედა კლინიკაში წაიყვანა. რენტგენმა აჩვენა, რომ ქალს ნეკნები ჰქონდა გაბზარული:

„დასჭირდა წოლითი რეჟიმი, გადახვევა. დედა ონკოპაციენტია, ოთხი ოპერაცია აქვს გადატანილი, ამიტომ კიდევ უფრო რთულად გავიარეთ ეს პროცესი. საშინლად ვინერვიულეთ, რომ ამ ტრავმას დამატებით სხვა გართულებები არ გამოეწვია.“

ავტობუსის სალონი
ავტობუსის სალონი

ელენესა და მისი 2 წლის შვილის ამბავი - „მეც გადავვარდი და ბავშვიც გადამივარდა, რკინის ძელს ჩამოარტყა თავი“

34 წლის ელენე და მისი 2 წლის შვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით რიგითი მგზავრობისას, დანიშნულების ადგილზე მისვლის ნაცვლად, კლინიკაში აღმოჩნდნენ.

ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ შუქნიშანთან, ძლიერმა მუხრუჭმა ისინი სკამიდან გადმოყარა და ბავშვმა რკინის კონსტრუქციას დაარტყა თავი:

„საშინელი ტირილი დაიწყო, ძალიან შემეშინდა, ჩამოვედით ტრანსპორტიდან და გამოვიძახე სასწრაფო. კლინიკაში გადაგვიყვანეს, სადაც 4 საათის განმავლობაში დაგვტოვეს. საბედნიეროდ, ტვინის შერყევა არ აღმოჩნდა. პატრულიც იყო მოსული.

განყოფილებაშიც დამიბარეს გამოკითხვაზე, მივედი, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა, დღემდე არ ვიცი, მას შემდეგ არავინ დამკავშირებია. ითქვა, რომ თითქოს ჩვენს ტრანსპორტს ავტომობილმა გადაუჭრა გზა, მაგრამ ვეღარ იპოვეს ის მანქანაო და ამ ამბავმა ასე ჩაიარა. მძღოლს მე არაფერში ვადანაშაულებდი, უბრალოდ ვითხოვდი, რომ ის მანქანა ეპოვათ, ვინც გზა გადაგვიჭრა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ელენე.


რას ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანია?

თბილისის სატრანსპორტო სამსახური რადიო თავისუფლებასთან კომუნიკაციას მხოლოდ წერილობითი ფორმით დასთანხმდა.

მათი ინფორმაციის თანახმად, 2024-2025 წლებში, მგზავრობისას დაზიანების შესახებ სულ 14 მოქალაქის საჩივარი შევიდა.

თუმცა ეს არ არის რეალური სტატისტიკა, რადგან დაშავებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ "ცხელ ხაზზე" შეტყობინება არ დაუტოვებიათ.

სატრანსპორტო კომპანიიდან მოგვწერეს, რომ მგზავრთა დაშავების მიზეზი უმეტესად არა ავტობუსის, არამედ სხვა მანქანის მძღოლები ან საავარიო სიტუაციებია - „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად შექმნილი სიტუაციები, სხვა სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან წარმოშობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის რისკები“.

მათივე თქმით, თუკი მოკვლევა ავტობუსის მძღოლის ბრალეულობას დაადგენს, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ელოდება, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება და კომპანიის შინაგანაწესი განსაზღვრავს. კონკრეტულად რა ზომებია ეს და რამდენ მძღოლს დაეკისრა პასუხისმგებლობა, ამის დაზუსტება ვერ მოხერხდა:

„ამ საკითხებს იკვლევს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შიდა მონიტორინგის სამსახური. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების არსებობისას) საქმის მასალები გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს და მათ მიერ ხდება დამატებითი გამოძიება“.

რატომ ზიანდებიან მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

სამგზავრო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას დაშავების რისკს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ავტობუსის მძღოლთა კვალიფიკაცია, ქალაქში დაშვებული სიჩქარის მაღალი ურბანული ლიმიტი, ავტობუსის ზოლებში ავტომობილებისა და მოპედების გადასვლა.

18-მეტრიანი ავტობუსი თბილისის ქუჩაში
18-მეტრიანი ავტობუსი თბილისის ქუჩაში

ფონდის, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია დიდი ხანია აკვირდება ამ ტენდენციას. ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, იმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივაზეც. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის.

„ევროპულ ქალაქებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ხდება ადამიანი, ის გადის ინტენსიურ და პერმანენტულ ტრენინგებს, სხვადასხვა კურსს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, ქცევის წესებზე, მგზავრებთან დამოკიდებულების წესებზე... არ შეიძლება, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადად ხდებოდეს, მხოლოდ ნახევარი საათით ჩაუტარო ტრენინგი და ამით ამოწურო გადამზადების საკითხი“, - ამბობს ირაკლი იზორია და მძღოლთა შეფასების სისტემის დანერგვაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ამას ეწოდება მძღოლთა რეიტინგის სისტემა, შიდა შეფასების სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ განისაზღვრონ კვალიფიციური და ნაკლებად კვალიფიციური მძღოლები. ამ ტიპის სისტემები არსებობს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში“.

ირაკლი იზორიას თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, ზოგადად, ქალაქში გახშირებული ავარიებისა და მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შექმნილი საავარიო სიტუაციებისა, ეს არის ქალაქში დაშვებული სიჩქარე, ე.წ. ურბანული ლიმიტი.

„თბილისში დასაშვები სიჩქარის ურბანული ლიმიტია 60 კმ/სთ, რასაც ემატება 15 კმ/სთ ე.წ. ტოლერანტობა. ანუ, ჯამში, დასაშვებად ითვლება მოძრაობა 75 კმ/სთ სიჩქარით. ასეთ დროს, შესაძლოა ავტობუსის მძღოლი მიდიოდეს 40-ით, იცავდეს წესებს, თუმცა, მაგალითად, ტაქსის მძღოლს, რომელსაც შეუძლია 75 კმ/სთ-ით იმოძრაოს, მკვეთრი მანევრირებით გამოიწვიოს საავარიო სიტუაცია, რასაც უნდა მოჰყვეს ავტობუსის მძღოლის მყისიერი რეაგირება და რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსპორტში მგზავრთა სერიოზული დაზიანება.

ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ურბანული ლიმიტები დავამსგავსოთ ევროპული ქალაქების ლიმიტებს. ეს არის მაქსიმუმ 50 კმ/სთ, რიგ ადგილებში 30 კმ/სთ და ტოლერანტობა 3-5 კმ/სთ“, - ამბობს ირაკლი იზორია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი, მისი თქმით, დიდწილად არის განპირობებული საავტობუსო ხაზში მოძრავი სხვადასხვა ტიპის ავტომობილით:

„ძალიან ბევრი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაუშვეს ბოლო პერიოდში ე.წ. საავტობუსე ზოლებში. მაგალითად, თუკი მანამდე მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანასა და ასეთი ტიპის ავტომობილებს ჰქონდათ ამ ხაზში გადასვლის უფლება, შემდეგ დაუშვეს ტაქსი, მოპედი, დისტრიბუციის მანქანა. ამან კი სიტუაცია მკვეთრად გააუარესა იმ კუთხით, რომ მძღოლებს აღარ აქვთ თავისუფალი სამოძრაო სივრცე, ხშირად ხდება ტაქსის ან მოპედის მხრიდან ე.წ. ჩაჭრა საავტობუსე ზოლში და ასეთ დროს იზრდება რისკი ავტოსაგზაო შემთხვევის, რაც ზრდის უკვე მგზავრების დაშავების მაჩვენებელსაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი იზორია, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანია, რომ მგზავრების დაზიანების ყოველი ფაქტი დაფიქსირდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის "ცხელ ხაზზე":

„ეს საკითხი აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რადგან შეიძლება ადამიანმა არ იჩივლოს ერთი წაქცევის გამო, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ერთი წაქცევა, შესაძლოა, საბედისწერო გახდეს.

როდესაც მგზავრი ტრანსპორტში ზიანდება, აუცილებლად უნდა იჩივლოს ოფიციალურად, რადგან კომპანია, შსს ვალდებულია გამოიკვლიოს მომხდარი ფაქტი და თუკი დაზიანება მოხდა მძღოლის ბრალეულობით, მოქალაქეს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი, მკურნალობის ხარჯები. მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რათა სატრანსპორტო კომპანია მეტად იყოს მოტივირებული, გააკონტროლოს მძღოლები, გაზარდოს მათი კვალიფიკაცია“, - ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი.

რადიო თავისუფლება შეეცადა მოესმინა თავად მძღოლების აზრიც სამუშაო პირობების, გრაფიკის, საგზაო უსაფრთხოების, ავტობუსებში მგზავრთა დაშავების რისკების შესახებ, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს. კითხვებზე პასუხების მისაღებად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადაგვამისამართეს.

თბილისის ავტობუსის მძღოლები ორი ტიპის გრაფიკით მუშაობენ: კვირაში 5-6 დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში, დილის ან საღამოს ცვლაში, საშუალოდ 8 საათს. ყოველი რეისის შემდეგ აქვთ 5-წუთიანი დასვენება; დღეგამოშვებით, სრული დღის განმავლობაში, საშუალოდ 16 საათს. მათ, გარდა ყოველ რეისზე 5-წუთიანი შესვენებისა, ასევე აქვთ საშუალოდ 30-წუთიანი შესვენება.

მძღოლების საშუალო დარიცხული ხელფასი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მერყეობს თვეში 3500-დან - 5000 ლარის ფარგლებში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სტატისტიკის თანახმადვე, თბილისის ავტობუსები ყოველდღიურად ემსახურება დაახლოებით 500 ათას მგზავრს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG