Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ იწყებს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას


2019 წლის 26 თებერვალი: უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას
2019 წლის 26 თებერვალი: უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან ერთად იწყებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას.

ამის შესახებ ტიმოშენკომ პარლამენტში გამოაცხადა 26 თებერვალს - მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო მაქინაციებთან კაშირის შესახებ. ეს მაქინაციები, გამოძიების თანახმად, სამხედრო შესყიდვებს უკავშირდება.

პარლამენტში გამოსვლისას, ტიმოშენკომ არმიაში დატაცება შეადარა სახელმწიფოს ღალატს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ედგა სათავეში დატაცებაში მონაწილეთა „პირამიდას“.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია უკრაინის კონსტიტუციის 111-ე მუხლით, რომელიც ეხება სახელმწიფოს ღალატს, ან სხვა დანაშაულს. პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების საკითხის ინიცირება ხდება „ვერხოვნა რადის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ. დამოუკიდებელი უკრაინის ისტორია არ იცნობს იმპიჩმენტის პროცედურის შემთხვევას.

ჟურნალისტების ჯგუფ Bihus.Info -ს გამოძიების შედეგები 25 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში საუბარია სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებზე და გამოთქმულია აზრი, რომ შესაძლოა, ასეთ მაქინაციებთან კავშირი ჰქონოდათ პოროშენკოს გარემოცვის წევრებს.

პოროშენკო, მისი წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცველებს მოუწოდებს, გამოძიებულ იქნეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

უკრაინაში 31 მარტს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. საზოგადოებრივი აზრის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კანდიდატებს შორის ლიდერობს მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი, მას მოჰყვებიან პოროშენკო და ტიმოშენკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG