საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერევანში შეხვდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, არარატ მირზოიანს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონში არსებული კონფლიქტები.
„ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კონფლიქტები ყველაზე მეტად აფერხებს რეგიონში ერთობლივ წინსვლას.
„როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ, ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შეეხო აფხაზეთში არსებული სომხური ეკლესიების გადაცემას რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც ასევე წარმოადგენს ტერიტორიული სუვერენობის დიდ დარღვევას.
,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილ მინსკის ჯგუფსა და საქართველოში არსებული კონფლიქტების გამო არსებულ ჟენევის ფორმატზე, რომლებიც მისი თქმით, მეტნაკლებად გადასულები არიან ტექნიკურ საკითხებზე და არ იღებენ რაიმე გარდატეხის მომტან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
„მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ. თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ - ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება” - თქვა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკაა, რომ მშვიდობიანად და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით გადაწყდეს არა მხოლოდ მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები და ოკუპირებული რეგიონების საკითხი, არამედ რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტებიც.