ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თალიბებმა 58 ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შემდეგ, როცა ათობით ჯარისკაცმა მეზობელ თურქმენეთს შეაფარა თავი სამხედრო მოქმედებების დროს.
ავღანეთის სამხედროების წინააღმდეგ მეამბოხეებმა იერიში განახორციელეს ბალა მარღაბის ოლქში, ბაღდისის პროვინციაში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება.
მანამდე ბაღდისის პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა ჯამშიდ შაჰაბიმ განაცხადა, რომ ავღანეთის უშიშრობის ძალებმა „ტაქტიკურად დაიხიეს უკან“ და თურქმენეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
თავის მხრივ თალიბანმა 17 მარტს განაცხადა, რომ მარღაბის ოლქში ტყვედ აიყვანა 72 სამხედრო მოსამსახურე.
ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა, რომელიც ცდილობს იპოვოს 18-წლიანი ომიდან გამოსვლის გზები, თალიბებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა დოჰაში. ავღანეთის მთავრობამ დაიჩივლა, რომ ის არ ჩართეს მოლაპარაკებებში.