Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთელი სოციალური მუშაკი ზეწოლას უჩივის


თამარ ღუნაშვილი სოციალური მუშაკების აქციაზე ბათუმში
თამარ ღუნაშვილი სოციალური მუშაკების აქციაზე ბათუმში

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოციალური მომსახურების სააგენტოებში დასაქმებული სოციალური მუშაკები, რომლებიც დანარჩენი საქართველოს სოციალურ მუშაკებთან ერთად გაიფიცნენ შრომის პირობების გაუმჯობესების და ბენეფიციარებისთვის ეფექტური მომსახურების სისტემის შექმნის მოთხოვნებით.

აჭარის რეგიონში სულ 19 სოციალური მუშაკია.

ქობულეთელი თამარ ღუნაშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ ხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, რეგიონული სამსახურის უფროსის თემურ ქარცივაძის დავალებით, ქობულეთის სააგენტოს უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა გადასცა, რომ გაფიცვის შემთხვევაში სამსახურს სამუდამოდ დაკარგავდა და მისი შვილები ერთადერთი საარსებო წყაროს გარშე დარჩებოდნენ.

„მათ ჰქონდათ სიები და მითხრეს რომ ყველა სოცმუშაკი დატოვებდა სამსახურს ეტაპობრივად“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ღუნაშვილმა.

ზეწოლის შესახებ ბრალდებას უარყოფს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე. ის აღიარებს, რომ სისტემაში პრობლემებია, თუმცა, გაფიცვას ეწინააღმდეგება.

„ვერასდროს ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის კარგი, როცა სოცმუშაკები იფიცებიან. მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენს სტრუქტურაში, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში, პრობლემებია, რომელთაგან ზოგი გადაუდებელ, ზოგი კი გრძელვადიან მოგვარებას მოითხოვს“ - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

სოციალურ მუშაკზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისი იკვლევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ აპირებენ შსს-ს მიმართონ გამოძიების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG