Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას


ევროპის პარლამენტის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას 2021 წლიდან - ორი წლით უფრო გვიან, ვიდრე ევროკომისიის წინადადება ითვალისწინებს.

ევროკავშირში ამჟამად მოქმედი წესით, დროს გაზაფხულზე ერთი საათით წინ წევენ ხოლმე და შემოდგომაზე ისევ უკან აბრუნებენ. ბევრმა ქვეყანამ ეს წესი 1970-იან წლებში, ნავთობის კრიზისის პერიოდში აამოქმედა ენერგიის დასაზოგად. 1996 წლიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთდროულად მოქმედებს ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადასვლისას.

ევროპის პარლამენტში 410 კანონმდებელი მიემხრო საათის სეზონური გადაწევისათვის ბოლოს მოღებას. წინააღმდეგი იყო 192. პარლამენტარებს არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელ დროზე უნდა შეჩერდეს არჩევანი - ზაფხულის, თუ ზამთრის.

ევროკომისია სექტემბერში გამოვიდა წინადადებით საათის სეზონური გადაწევის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც მთელი ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ ნაბიჯს ემხრობა გამოკითხულების დიდი უმრავლესობა, 84%.

საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავენ, რომ არაერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, დროს გადაწევა მიჩნეულია სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ფაქტორად, ხოლო ენერგიის დაზოგვის მხრივ ბევრს არაფერს იძლევა ახალი ტექნოლოგიების პირობებში.

საქართველომ 2005 წლის ოქტომბერში გააუქმა საათის სეზონური გადაწევა.

XS
SM
MD
LG