Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიამ "გამაფრთხილებელი სტიკერების" შესახებ სასამართლო დავა მეორედ წააგო


თეთრი ხიდი
თეთრი ხიდი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ჩუბინიძემ, „თეთრ ხიდზე“ გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრა - ქმედება არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“ - გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის მოთხოვნა ორგანიზაციის დაჯარიმების შესახებ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხიდზე სტიკერის გაკვრა არის გამოხატვის პრაქტიკული გამოვლინება და მის განხორციელებას ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებრივი ინტერესებისთვის. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო საქმე მეორედ შეწყდა. პირველად ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური ითხოვდა 500 ლარით დაეჯარიმებინათ გია გოქაძე, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, 12 იანვარს „თეთრი ხიდის“ საფეხმავლო ნაწილის დაზიანებული შუშის ზედაპირზე გაკრული A4 ფორმატის სტიკერის გამო, წარწერით - „ფრთხილად, სახიფათოა!“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის პოზიციით, „მოქმედი კანონით იკრძალება სხვადასხვა სახის ნახატების, წარწერების, სიმბოლიკის შესრულება ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ მიმდებარედ და ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ, „თეთრ ხიდთან“ ადმინისტრაციული შენობების სიახლოვე და მათთვის მიყენებული ზიანი.

ამჯერად მერიის ადმინისტრაციული სამსახური „თეთრ ხიდზე“ გამაფრთხილებელი სტიკერის დაკვრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმავე მოტივით მოითხოვდა დაეჯარიმებინათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ქმედება სავსებით ესადაგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ორგანიზაციის წევრებს კანონი არ დაურღვევიათ.

XS
SM
MD
LG